arrow
კატეგორიები
arrow
ავტორები
ავტორი
პოლ ბოულზი
პოლ ბოულზი
პოლ ბოულზი (1910-1999) – ამერიკელი მწერალი, მთარგმნელი და კომპოზიტორია. დაიბადა ნიუ-იორკში, შეძლებული დენტისტის ოჯახში. ურთიერთობამ დესპოტ მამასთან, რომელიც შვილის შემოქმედებით ბუნებას ვერ ეგუებოდა, განსაზღვრა კიდეც ბოულზის ცხოვრების გზა. მან 19 წლის ასაკში მიატოვა სახლი და უნივერსიტეტი და გაემგზავრა საფრანგეთში, სადაც გერტრუდ სტეინის არტისტულ წრეს შეერია. სწორედ სტეინის რჩევით ეწვია იგი ტანჟერს, რომელიც საბოლოოდ გახდა კიდეც მისი ცხოვრების ქალაქი.
 
1930-იანი წლების მიწურულს ბოულზი ნიუ-იორკში გაბრუნდა, სადაც აღიარებული კომპოზიტორის სახელი  მოიხვეჭა. მუსიკის შექმნის პარალელურად ის წერდა მცირე პროზასაც, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ კი სადებიუტო რომანზე სამუშაოდ, გამომცემლისგან მიღებული ავანსით ისევ ტანჟერს მიაშურა. იდეა, მცირე ხანი დაეყო მაროკოში, ბოულზს 52-წლიან ემიგრაციად გადაექცა. იგი სიცოცხლის ბოლომდე ტანჟერში ცხოვრობდა.
 
პოლ ბოულზი არა მხოლოდ ბიოგრაფიულად, არამედ კულტურულადაც დაუკავშირდა ტანჟერს და მაროკოში ამერიკული ემიგრაციის ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი წარმომადგენელია. გარდა საკუთარი მუსიკისა და ლიტერატურის შექმნისა, ბოულზი ინგლისურად თარგმნიდა მაროკოელ ავტორებს, ისმენდა ბერბერი კომპოზიტორებისა და უწიგნური პოეტების მუსიკასა და ზეპირსიტყვიერ პოეზიას, იწერდა და აარქივებდა მათ. სწორედ ამიტომ შემორჩა იგი როგორც ამერიკული ლიტერატურისა და მუსიკის ისტორიას, ისე – ჩრდილო-აფრიკულ კულტურას.
ავტორის წიგნები
ვრცლად