arrow
კატეგორიები
arrow
ავტორები
ბლოგი
ილია ჭანტურიას ბლოგი – „ძველი სკოლის კვალდაკვალ“
08/10/2020

თურმე სერგეი ეიზენშტეინს უთქვამს, კინო არის გახსენების და დავიწყებისო. როდესაც ფილმს უყურებ, საჭიროა წინა ეპიზოდი დაივიწყო, რათა შემდეგი დაიმახსოვრო, ამის მერე კი კვლავ წინა ეპიზოდის გახსენება გიწევს, რომ ლოგიკური ჯაჭვი გააბა, მთელი მეხსიერებითი ხლართია... ცხოვრებაშიც ასეა, რაღაც ამბებს იმახსოვრებ, მაგრამ მას მომავალი ამბავი გადაფარავს, მერე მას შემდეგი და წარსულის ამბები მხოლოდ მაშინ ამოგიტივტივდება გოენაბაში, თუ რამე მისი მსგავსი მოხდა აწმყოში, ლოგიკური ჯაჭვიც მაშინ იბმება. ამიტომაც ყოველთვის მინდოდა დღიური მეწარმოებინა, ან უბრალოდ დროგამოშვებით თავს გადამხდარი ისტორიები მომეყოლა, რადგან მოგონებები ერთხელაც მიგავიწყდება, თუკი ფურცელზე არ გამოამწყვდიე.

 

ზვიად კვარაცხელიას კრებულის შემთხვევაში უბრალო დღიურთან ან მოყოლილ ამბებთან არ გვაქვს საქმე, უფრო დოკუმენტურ ნოველებს ვხვდებით. კრებულში შესული ტექსტები დოკუმენტალისტიკისა და მხატვრული ლიტერატურის მიჯნაზე იკავებს ადგილს, რაც მოთხრობილ ამბებს მეტად მიმზიდველს ხდის. მთხრობელი თავად ავტორია, რომელიც ჩვენთვის კარგად ნაცნობ თუ უცნობ ადამიანებზე გვიამბობს: მწერლებზე, მეცნიერებზე, ფილოსოფოსებზე თუ უბრალო გლეხებზე, მისთვის საყვარელ ადამიანებზე, რომელთა სიტყვასაც მასზე დიდი კვალი დაუტოვებია.

 

თუ არ ვცდები, 2017 წელი იყო, როცა ზვიადს ვესტუმრე, ჩემი პირველი ტექსტები მქონდა მიტანილი, თაბახის ფურცელზე ამობეჭდილი, ის ჩემ წინ იჯდა და ტექსტს ათვალიერებდა, მე, ოდნავ აღელვებული, ხელს ხელზე ვისვამდი და უხერხული სიჩუმის გადასაგორებლად ხან იქით გავიხედავდი, ხან – აქეთ. მოეწონა, დაწყობილი სიუჟეტი ჩანს ერთი თვალის გადავლებითო, მერე უკვე წერაზე რომ ჩამოვარდა საუბარი, ნებისმიერ გარემოში დამკვირვებლად ყოფნის აუცილებლობაზე მითხრა რამდენიმე სიტყვა. ასეც არის, მწერალი სადაც უნდა მოხვდეს, მისთვის ყოველი გარემო საინტერესოა, უფრო დიდი საიმოვნება კი მაინც ამ სახეების ფურცლებზე გადმოტანაა. როგორც გურამ რჩეულიშვილს უთქვამს, ვნების სიმძაფრე სწორედ შენების პროცესშია და არა აშენებულით ტკბობაში. ეს დეტალი ჩანს ყველაზე გამოკვეთილად სწორედ კრებულში, ამბები ნაჩვენებია დამკვირვებლის თვალიდან, ერთგან თვითონაც ხომ წერს, აი, როდესაც ზუგდიდის მუზეუმში უკვე მერამდენეჯერ არის არც ახსოვს, მაგრამ სტუმრების ემოციებს აკვრდება: „ემოციებზე დაკვირვება. როგორ დაიმუხტება, აინთება, რას გაიკვირვებს და მერე იტყვის (ან არ იტყვის).“ ის კარგად შეისწავლის თავისი თანამოსაუბრეების სახეებს, მიმიკებს, სიტყვებს, და მერე უკვე, თუ სურვილმა აიტანა, სიტყვებად გადმოაქვს ფურცელზე. ტკბობა სწორედ აქ იწყება. 

 

„ათოვდა ზამთრის ბაღებს,

მიჰქონდათ შავი კუბო,

და შლიდა ბაირაღებს

თმაგაწეწილი ქარი.

გზა იყო უდაბური,

უსახო, უპირქუბო.

მიჰქონდათ კიდევ კუბო...

ყორნების საუბარი:

დარეკე! დაუბარე!

ათოვდა ზამთრის ბაღებს.“

 

„რაა ყორნის ხმა?“ სწორედ ამ კითხვას სვამს გალაკტიონ ტაბიძე თავის ლექსში „შიში“, რომელიც თითქოს მის წინარე ლექსში ნაჩვენები ყორნების საუბარს ეხმიანება. რაა მათი საუბარი, რას მიგვანიშნებს მათი შეგონება, ვის უნდა დაურეკოს და რა უნდა დაუბაროს ლირიკულმა გმირმა? რამე დააშავა? რამე გამორჩა? ვინმეს რამე უნდა შეახსენოს? თანაც როდის, გასვენებისას, ათოვს ბაღებს და კუბო მიაქვთ, განა ამ დროს ვინ ვის უნდა დაურეკოს, რაა სასწრაფო? კითხვები! კითხვები! კითხვები! ერთხელაც ალბათ პასუხებსაც იპოვიან და ხელიხელჩაკიდებულები გააგრძელებენ მოძრაობას, მაგრამ მანამდე სხვა რაღა დაგვრჩენია, რომ ჩვენს წარმოსახვას მივენდოთ. პირველად, როცა ეს ლექსი წავიკითხე, მახსოვს, ყორნების ეს სიტყვები რაღაც ძალიან ახლობლად მივიღე, თითქოს შენ მოგმართავენ და შენ კიდევ ის ყოველი წამი გახსენდება, როცა რაღაც უნდა მოგემოქმედა, მაგრამ ვერ გააკეთე, რაღაც ძალზე მნიშვნელოვანი, რაღაც ძალზე სათუთი, ან თუნდაც ის, დაგერეკა საყვარელი ადამიანისთვის და გეთქვა, რომ გიყვარს, იქნებ რამდენიმე დღის შემდეგ აღარც იყოს ამ ქვეყნად, ჰოდა, მიდი, დარეკე! დაუბარე!

 

მოცემულ კრებულშიც ავტორი ყორნების ხმას არის აყოლილი, სწორედ მათი მითითებებით მოქმედებს და წერს და ჰყვება ამბებს მნიშვნელოვან ადამიანებზე, არა ვიღაც ცნობილ პოლიტიკოსებზე, რომლებიც მუდამ ჩანან ხოლმე ცისფერ ეკრანზე და ამ ქვეყნის შენებას იბრალებენ, არამედ იმ ჩუმ ადამიანებზე, რომელთა მხრებზეც დგას სინამდვილეში ეს ქვეყანა. „დარეკე! დაუბარე!“ და არ გამოგრჩეს რამე, ყველაფერი მოყევი, მერე გამოტოვებულმა სიტვებმა რომ არ შეგაწუხონ. როგორც გამოტოვებული ზარების სევდა შეიძლება იყოს ძლიერი, ისეთივეა ართქმული სიტყვბი, არმოყოლილი ამბები.

 

ერლომ ახვლედიანი ერთგან წერს: „იცხოვრო ისე, თითქოს არა ხარ. ფეხაკრეფით გაიარო ეს ცხოვრება, თითქოს ვიღაცას სძინავს და არ უნდა გააღვიძო. უსმინო ღვთისგან შექმნილ სამყაროს, ადამიანს. ამაზე დიდი საქმიანობა მე არ მეგულება“. სწორედ ეს სიტყვები მახსენდება ზვიად კვარაცხელიას პერსონაჟების (რეალური პიროვნებების) გაცნობისას, ეს არის ერთგვარად გულწრფელი თავმდაბლობა და საკუთარი საქმის კეთება მთელი სიყვარულით, ისე, რომ არც არავინ შეაწუხო შენი ხმაურით. თავად ერლომ ახვლედიანიც თავისუფლად ჩაეწერებოდა ამ ადამიანთა რიცხვში. არაფერი ჯობია იმ ადამიანის ყურებას, რომელიც მთელი ემოციითა და გრძნობით საუბრობს საკუთარ ხელობაზე. კრებულის პერსონაჟებსაც სწორედ თავიანთი საქმის სიყვარული აერთიანებთ.

 

წიგნს ეპიგრაფად ბესიკ ხარანაულის ერთი მინიმა აქვს:

 

„ვის ყოფნის იმის ვაჟკაცობა,

რომ ყოველგვარი სისაძაგლე გაიზიაროს

და თვითონ კი სუფთა იყოს, როგორც ჭაბუკი,

რომელიც წყლიდან ამოვიდა და მზეზე შრება“.

 

შეიძლება ითქვას, რომ კრებულის პერსონაჟები ახერხებენ ხარანაულის ჭაბუკებივით სუფთად დარჩენას. ასეთი ადამიანები გარშემო გვყავს ხოლმე, შეგვიძლია თავისუფლად მივიდეთ, რჩევა დავეკითხოთ ან მათი საქმით ვისწავლით. ძველი სკოლაა, ძველი თაობა, რომელსაც ხშირად ვითომდა პროგრესის სადარაჯოზე მდგომი ხალხი ბნელად და წარსულის გადმონაშთად აღიქვამს (ამასაც თავისი მწარე იდეოლოგიური წარსული აქვს). მორალი, სამართლიანობა და საქმის სიყვარული – ეს ის სამი რამაა, რაც ზვიად კვარაცხელიას ნოველების კრებულის პერსონაჟებს აერთიანებს და რაც ჭეშმარიტ ავტორიტეტებად აქცევს; ადამიანებად, რომლებიც შეიძლება საერთოდ არ ჩანან, მაგრამ თავიანთ თავზე აქვთ გადატანილი ყველა ის ძნელბედობა, რაც ჩვენს ქვეყანას უგრძნია და სწორედ მათ მოხრილ წელზე დგას ხოლმე ის ღირებულებები, რასაც ჩვენ ქართულს ვუწოდებთ. მათი ამბები მოთხრობილია არა ათასჯერ გადაღეჭილ სტილში, არამედ გადააზრებით და უფრო მეტად გრძნობით, იმიტომ, რომ სამშობლო უნდა იგრძნო, სამშობლოს სიტყვებად ვერ აქცევ.

 

 



სხვა ბლოგები
  • აქ. ახლა მარიო ვარგას ლიოსასთან და ლანა კალანდიასთან ერთად
    27/07/2020
    30 ივლისს, 20:00 საათზე, ყველა მსურველს საშუალება აქვს ვირტუალურად დაესწროს ცნობილი პერუელი მწერლის, ნობელის...
    ვრცლად
  • ზაზა ბიბილაშვილი – „რატომ გვიყვარს მემარცხენეები“
    11/06/2020
    „ის, ვინც მტერთან ბრძოლით ცხოვრობს, დაინტერესებულია იმით, რომ მტერმა სიცოცხლე შეინარჩუნოს“.   გიორგი...
    ვრცლად
  • ირაკლი კაკაბაძე – „სიონის ქრისტე და თორმეტი ჰაიკუ“
    15/05/2020
    * შევყურებ ეზოში მოხუც დედაჩემს და ვფიქრობ, ვის უსხამს წყალს, ხეს თუ  საკუთარ სიცოცხლეს?.. * ყველა...
    ვრცლად